მეგობრები ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად
მეგობრები ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად
მეგობრები ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად
მეგობრები ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად
მეგობრები ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად
11 დეკემბერს ქ. სიღნაღში ნატურალისტი მეღვინის, ხოხბის ცრემლების დამფუძნნებლის - ჯონ ვურდემანის სახლი და მარანი ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურდა. სახლთან ერთად დაიწვა ვურდემანის ნახატები, ბიბლიოთეკა და ეთნოგრაფიული მასალა, რომელსაც ის საქართველოში წლების მანძილზე აგროვებდა.
ჯონ ვურდემანი სახლში 1998 წლიდან ცხოვრობს მეუღლესთან, ქეთევან მინდორაშვილთან და ორ შვილთან ერთად. ვურდემანების ოჯახი თხუთმეტ წელზე მეტია, აქტიურად ეწევა ქართული ნატურალური ღვინისა და პოლიფონიური სიმღერების პოპულარიზაციას საქართველოსა და მსოფლიოში. ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, რომელიც ნატურალური ღვინისა და ქვევრის ღვინის მწარმოებელ ახალბედა მარნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გააცნობს მსოფლიოს უმაღლესი კლასის რესტორნების სომელიეებსა თუ ღვინის მწერლებს.
ნატურალური ღვინის მწარმოებელი, „მესხური ბრენდის“ დამფუძნებელი, გიორგი ნათენაძე ამბობს: „ჯონი, დიდი ქართველი მეღვინე და ბევრ ქართველზე მაგარი ადამიანი. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცი, რომელთან საუბარიც კი სტიმულს გაძლევს, უფრო მეტი გააკეთო ცხოვრებაში. ეს არის ადამიანი რომელიც აკეთებს იმ საქმეს რაც ყველაზე მეტად უყვარს და, შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგადაც აკეთებს. ჯონმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართული ღვინისთვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით. დღეს ამ უბედურმა შემთხვევამ ჯონს დაანახა, რამდენი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა ვუსურვო, იყოს მხნედ და ყველაფერი დალაგდება უფრო კარგად. მისი მადლი ქართულ ღვინოზე არ დაიკარგება.“
არჩილ გუნიავა, ნატურალური ღვინის მწარმოებელი სოფ. კვალითიდან აღნიშნავს: „საინფორმაციოებში მას ამერიკელ ბიზნესმენად მოიხსენიებდნენ. ცოტა მეწყინა. ჯონისათვის საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ის ჩამოვიდა, უბრალოდ, ბიზნესის საკეთებლად. 90-ანი წლების დასაწყისში ხომ საქართველოდან გარბოდნენ და არა ჩამოდიოდნენ. ამერიკაში დაბადებულმა კაცმა ღვინის ქართულად დაყენების წესში - ქვევრში დაინახა ის, რაც ჩვენ დავიწყებისათვის გავწირეთ, ან აღარ ვაფასებდით. ჩვენ, ქართველებს ხომ ასეთი ზნე გვჭირს: საკუთარ სიმდიდრეს ვერ ვამჩნევთ თუ ის უცხოელმა არ შეგვიფასა. ჯონმა კი სულზე მოგვისწრო. თითზე ჩამოსათვლელ ენთუზიასტებთან ერთად, საშვილიშვილო, თუმცა ბევრი სტეპტიკოსისათვის ღიმილისმომგვრელი საქმე წამოიწყო. სასწაულიც მოხდა და ამერიკელი წარმოშობის სიღნაღელი ჯონის კახური ქვევრის ღვინო ჯერ საქართველოში და შემდეგ, მსოფლიოს ღვინის ქვეყნებში გაიცნეს, აღიარეს და შეიყვარეს. ჯონი გახდა ბევრი ქართველი დამწყები, ტრადიციული მეღვინის მაგალითიც, სტიმულის მიმცემიც, მასწავლებელიც, გზამკვლევიც, მეგზურიც ბიზნესში, თარჯიმანიც, ძმაც, მეგობარიც... ჯონმა, სრულიად ახალგაზრდამ, დამოუკიდებლად დაიწყო და შექმნა თავისი სამყარო საქართველოში. ის კიდევ შექმნის თავიდან, უკეთესს. ქართულ ხასიათში ბევრი ნაკლის დანახვა შეიძლება, მაგრამ ის, რომ მეგობრისა და მოკეთის ჭირის გაზიარება არ ვიცით, ამას ვერავინ დაგვაბრალებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში უამრავი ადამიანი დაუდგება გვერდით ამ მძიმე დღეებში, ეს ჩვენი მადლიერების გამოხატვა იქნება ჯონისა და მისი ქართული საქმეებისადმი.“
რამდენიმე თვის წინ ჯონ ვურდემანის ინიციატივითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა იტალიელი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და მწერლის, კარლა კაპალბოს საქართველოში სტუმრობა ქართული ღვინისა და ადგილობრივი კულინარიის შესახებ ახალი წიგნის დაწერის მიზნით. ვურდემანისვე მხარდაჭერით, ამერიკელმა რეჟისორმა - ემილი რეილსბეკმა შეძლო საქართველოში ხუთთვიანი გადაღების წარმატებით დასრულება. კარლა კაპალბოსა და ემილი რეილსბეკის შემოქმედება 2016 წლის ადრე გაზაფხულზე გამოქვეყნდება და მათი საშუალებით მსოფლიო კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, გაიზიაროს ქართულ ღვინის, სამზარეულოსა და ლხინის კულტურა.
ემილი რეილსბეკი: „ჯონმა და ქეთომ უდიდესი როლი ითამაშეს, რომ ჩვენი საქმე მეღვინეობის ქართული მემკვიდრეობისთვის დაგვეკავშირებინა. ამან კი, საბოლოოდ, ქართული ღვინის შესახებ ფილმის გადაღებამდე მიგვიყვანა. ჯონი ის ადამიანია, ვინც ჯერემის გააცნო მეღვინეები მთელ საქართველოში, ფილმის კონცეფციის შემუშავებამდე. ჯონისა და ქეთოს სტუმართმოყვარეობამ და მოკეთეობამ ნათლად დაგვანახა, თუ როგორი მშვენიერია ქართული კულტურა და როგორი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მასში მეღვინეობის დიდ ისტორიას. მათ რომ არ შევხვედროდით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გვექნებოდა სტიმული, რათა ქართული ამბავი ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა. ჩვენ ორნი იმ ასობით ადამიანს შორის ვართ, რომლებზედაც მათ უდიდესი გავლენა იქონიეს. ჩვენ ახლა ჩიკაგოში ვართ, ფილმს ვამონტაჟებთ. ვისურვებდით საქართველოში ყოფნას და მათს დახმარებას ასეთ რთულ მომენტში. ვიცით, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები მათ გვერდით დგანან და ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, გაუწოდონ დახმარების ხელი, ვისაც შეუძლია.“
ვურდემანი-მინდორაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად გახსნილია ორი ანგარიში. ერთ-ერთი მათგანი გახსნა ჯონ ვურდემანის მეგობარმა, ამერიკელმა მეღვინემ, კრისტოფერ ტერელიმ, მეორე კი ოჯახის მეგობრების სახელითაა გახსნილი. მსურველებს შეგიძლიათ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ვურდემანი-მინდორაშვილის ოჯახის მხარდაჭერასა და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ენოტურისტული კერის აღდგენაში.
წყარო: vinoge.com