სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის გამოცდა
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის გამოცდა
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის გამოცდა
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში ჩამოყალიბების პროცესში მყოფი შიდამასიური ღრუბელი დააფიქსირა.
„დელტას“ ინფორმაციით, ღრუბელი პირველი ივნისის 22:30 საათიდან ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე, 1000 კვადრატული მეტრ ფართობზე დაფიქსირდა. ღრუბელი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, 23:18 საათიდან 23:52 საათამდე, ღრუბლების მიმართულებით სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლები განახორციელა, რის შემდეგაც, ღრუბელთა სისტემა შესუსტდა და კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 2 ივნისის 00:50 საათზე, თბილისის მიმდებარედ განვითარდა და ახმეტისა და თელავის რაიონებში შემოვიდა მესამე-მეოთხე კატეგორიის (20 მმ სეტყვის მარცვალი, 300 კმ2 ფართობის) სეტყვის ღრუბელი.
01:05 საათიდან კი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა რაკეტებით აღნიშნული ღრუბლების დამუშავება დაიწყო. დამუშავება 02:42 საათამდე გაგრძელდა.
ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების შემდეგ, თელავის და ახმეტის რაიონებში, ღრუბლების უდიდესი ნაწილი მოსალოდნელი 15 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის ნაცვლად, წვიმის სახით ჩამოიცალა, მცირე ნაწილი კი, თელავი-რუისპირის მიმდებარედ და ყვარელი-ლაგოდეხის კავკასიონის ქედის კალთებზე, უწვრილესი 3-5 მმ დიამეტრის სეტყვის სახით ჩამოვიდა.